20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
სასამართლოში თბილისის საკრებულოსა და მერიასთან დაკავებული პირების პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, თბილისის საკრებულოსთან და მერიასთან დაკავებული პირების პროცესი იწყება. „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატებს, წევრებსა და აქტივისტებს  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

საუბარია თბილისის მერიასა და საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულებზე. სასამართლო სულ 20 პირის საქმეს განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღევანდელ პროცესზე აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები უნდა წარადგინოს, სადაც პოლიციის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის ფაქტები იქნება ასახული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მსგავსი მტკიცებულებების წარდგენას პოლიციის თანამშრომლები ვერ შეძლებენ, რადგან, მათი განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ვერანაირად ვერ წარადგენს მტკიცებულებებს იმიტომ, რომ რეალურად მტკიცებულებები არ არსებობს. ჩვენი მხრიდან, აქციის მონაწილეების მხრიდან არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. ჩემს მიმართ არის ორი ბრალდება, ეს არის პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მათი, რაც არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა. არც ჩემი მხრიდან და არც აქციის სხვა მონაწილეების მხრიდან,“  -განაცხადა „ენმ“-ის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლაშა ცუცქირიძემ.

დღის ამბები