20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ წარადგინა - თბილისის საკრებულოსთან დაკავებულების პროცესი ისევ გადაიდო 

თბილისის საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. სხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამჯერადაც პროცესის გადადების მიზეზი მტკიცებულებების არ ქონა გახდა. მოსამართლემ ბრალდების მხარეს წინა სასამართლო სხდომაზე, აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების წარდგენა მოსთხოვა.

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ რამდენიმე ტელეკომპანიისგან მათ გამოითხოვეს ვიდეო მასალები, თუმცა მათი გაშიფრვა ვერ შეძლეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს დილიდან აცხადებდნენ, რომ ბრალდების მხარე მტკიცებულებების წარდგენას, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას დაადასტურებდა, ვერ შეძლებდა.

„პროკურატურამ ვერ შეძლო ტელევიზიებიდან ამოღებული 2 საათიანი მასალის გაშიფრვა თავიანთი განმარტებით. მე როგორც თავიდანვე ვაცხადებდი, აქ არაფერ შუაში არ არის 2 საათიანი მასალა, მათ სჭირდებოდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები ყოფილიყვნენ დამძიმებულები საარჩევნოდ და არ გამართლებულიყვნენ არჩევნებამდე. მოსამართლემ სამწუხაროდ, დაუკმაყოფილა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოთხოვნა და მონაწილეობა მიიღო ფაქტობრივად საარჩევნო პროცესში. დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ,“ - განაცხადა ადვოკატმა გოგა ონიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, აცხადებს, რომ სასამართლომ პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება ვერ შეძლო.

სასამართლო პროცესი 27 ოქტომბერს ჩაინიშნა. ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლოში მერიასთან აქციის დროს დაკავებული 6 პირის სხდომა იწყება. ისინი ასევე საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდენენ, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთების 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს.

დღის ამბები