საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილი რომში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის მსმენელებს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს და სამხედრო ატაშეებს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში საჯარო ლექცია წაიკითხა და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ არჩევანზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილი განსაკუთრებულად მიესალმა კოლეჯის ქართველ კურსანტებს და მათ წარმატებული პოლიტიკური და სამხედრო კარიერა უსურვა.
„გვჯერა, რომ ნატო, როგორც გაერთიანება, რომელიც შეიქმნა ღირებულებების გარშემო და მოახდინა უსაფრთხოების ქოლგის ფორმირება, განსაკუთრებით ეფექტიანია, ემსახურება მთავარ მიზანს და რეალობად აქცია მისი წევრი სახელმწიფოების სტაბილურობისა და მშვიდობის უსაფრთხოება... რუსეთი აცხადებს პრივილეგირებული სფეროების ინტერესს და უფლებას, რომ ჩაატაროს სამხედრო წვრთნები მისი უახლოესი მეზობლების ტერიტორიებზე და არა მხოლოდ მეზობლების, ჩვენ გვინახავს სხვა პრეცედენტებიც... საქართველო არის მაგალითი, სადაც რუსეთი ახორციელებს ამ პოლიტიკას ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან. საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკა მიმართულია, სამეზობლოში კონფლიქტების შექმნისკენ, რათა შეჩერდეს ქვეყნის განვითარება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საჯარო გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.