საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტარებთან. ნოემბერში ბრიუსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს. სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიწვევა ოფიციალურად გაუგზავნეს.
ევროპარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ ორმხრივ დონეზე უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავს იკავებენ მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისგან. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ევროკავშირმა ღიად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს.
„ევროკავშირმა საქართვლოს უნდა აჩვენოს პერსპექტივა. უნდა გვესმოდეს რომ, არაფრისმომცემი დიპლომატიური საუბარი საკმარისი არ არის,“ - აცხადებს ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი რიჩარდ ჩარნეცკი.
ევროპარლამენტის წევრი სანდრა კალნიეტე იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომელიც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს.
„ევროპარლამენტის შეთავაზებაზე, ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობასა და შენგენის ზონასთან მიერთებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. ჩემი რეკომენდაცია ასეთია, მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება იმ ფასეულობებს, რაც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. ესენია: მედიის თავისუფლება, ოპოზიციის ჩართულობა და მისი გავლენა საპარლამეტო საქმიანობასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ - ამბობს სანდრა კალნიეტე.
ევროპარლამენტის კიდევ ერთმა წევრმა ანდრეის მამიკინსმა სოლიდარობა გამოთქვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნდება საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.
„სოციალ-დემოკრატების ჯგუფი, რომელიც სიდიდით მეორეა ევროპარლამენტში, სრულად გიჭერთ მხარს და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული,“ - აცხადებს ანდრეის მამიკინსი.
მედიასთან კომენტარი გააკეთა მიხეილ ჯანელიძემაც. მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა არსებობს.
„ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერით, ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან, შევძლებთ შემდგომ წლებში კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
ხვალ, მიხეილ ჯანელიძე საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა.