20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ირაკლი კობახიძის ინციატივა და კონსტიტუციის ხელახლა გადახედვა - ოპოზიციის მწვავე კრიტიკა

ოპოზიცის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნება" კონსტიტუციის ხელახლა გადახედვას იწყებს.

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ დასტურდება იმ პროცესების მანკიერება, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მთავარი პრობლემა არის ის, რაც უკვე მოხდა და რაც არ შეიცვლება. ეს არის მთელი პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოო ჯამში მთელი საზოგადოების იგნორირებით, იმიტომ რომ მათ უარი თქვეს ჩვენს წინადადებაზე, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა, ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის ჩამორთმევა. ცვლილებით არაფერი არსებითად არ სწორდება და პირიქით, არის ხაზგასმა იმისა, როგორი მანკიერი იყო ეს პროცესი თავიდან ბოლომდე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეფასება ამავე საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პოლიტიკური ერთობა ”ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ.

„ის რასაც "ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის სილაგალაწუნებული ბავშვის ქმედება იმ დიდ კატასტროფულ სიტუაციასთან, რაც შეიქმნა კონსტიტუციასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას ვეღარ ხედავს.

„ეს არის პარტია, რომელიც ერთპარტიულად წყვეტს ყველა საკითხს და ეს არის გარდასატეხი. ეს არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის არის ღერბი, ჰიმნი და ის არის ყველაფერი,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეფასება გააკეთა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ. ნინო ბურჯანაზე ყველაფერს, რაც კონსტიტუციასთან მიმართებაში ბოლო პერიოდში ხდებოდა, სამარცხვინოს უწოდებს.

„ის, რომ ჯერ ძალაში შეუსვლელ კონსტიტუციაზე უკვე დამატებით ცვლილებებს ამზადებენ, ეს ლაპარაკობს ამ ხელისუფლების უსუსურობაზე, არაკომპეტენტურაბზე,“ - აცხადებს ბურჯანაძე.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

„ის, რაც მოხდა, გახლავთ სახელმწიფო გადატრიალება, ანტიკონსტიტუციური რეფორმა, რომლის ძალითაც ხალხს წაერთვა უფლება, აირჩიოს თავის სახელმწიფოს მეთაური და წაერთვა ბევრწილად სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარი კანონის ხელახლა გადახედვას იწყებს. 

დღის ამბები