"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია 11 მილიონით დაფინანსდა, საიდანაც ყველაზე დიდი ნაწილი სახელისუფლებო პარტიას ბიზნესიდან ჩაერიცხა. „კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შემომწირველების უმრავლესობა სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არიან.
კომპანია "მეეკი" "ქართული ოცნების" შემომწირველების ვრცელ ჩამონათვალში ერთ-ერთია, რომელმაც მმართველ პარტიას რეკორდული თანხა შესწირა. მაშინ, როდესაც კომპანიის მოგება ერთი წლის განმავლობაში 700 ათასი ლარი იყო, ამ თანხიდან 120 ათასი ლარი მმართველ პარტიას აჩუქა. კომპანიის ფინანსური მენეჯერი „კურიერის“ შეკითხვებმა გააღიზიანა.
„ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების სიაში ტურისტული კომპანია "ჯორჯიან თრეველ გრუპი" ლიდერობს, საიდანაც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ 100 ათასი ლარი მიიღო.
„ქართულ ოცნებას“ კომპანია „აგრიკომმა“, რომელიც ბაზარზე ხორბლის მსხვილი იმპორტიორია, 100 ათასი ლარი შესწირა. ოპოზიცია ამბობს, რომ სოლიდური თანხის ჩუქების მიზეზი ლობირებული ბიზნესია.
ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ბიზნესს ატერორებს და მხოლოდ მმართველი პარტიის დაფინანსებას აიძულებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აღნიშნავენ, რომ დაფინანსება „ქართული ოცნების“ მიმართ ბიზნესმენების კეთილგანწყობისა და ოპოზიციის მიერ არადეკლარირებული ხარჯების შედეგად შეიქმნა.
შემოწირულობების მხრივ, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ მილიონ ლარზე მეტით, მესამე ადგილს კი „ნაციონალურ მოძრაობა“ იკავებს, რომელსაც 108 ათასი ლარი აქვს მიღებული.
აუდიტის სამსახურს პარტიების 31 შემომწირველთან კითხვები აქვს. ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს.