20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ იყოს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე - პრემიერი სახელმწიფო უწყებებს და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს 

ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

გიორგი კვირიკაშვილმა 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო ვითარება მოწმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება.

"მინდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში მთლიანად საზოგადოებას - ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებულ იქნას სიტყვა, რასაც წარსულში, გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები ერქვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, ჩვენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასეთი საქართველოს, ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე.

"ასევე, მინდა, მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემაში. ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. ამაშია ის დიდი განსხვავება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს განხორციელდა და 2012 წლის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა,"-განაცხადა პრემიერმა. 

"გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია მოსახლეობის მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში. პრემიერმა სამართალდამცავებსაც მიმართა და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. 

"მინდა, განსაკუთრებით მოვუწოდო სამართალდამცავებს და პოლიციას, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება იყოს პრევენციით აღკვეთილი, რათა არავის მიეცეს საბაბი, თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, ყველა სტრუქტურა მაქსიმუმს გააკეთებს ამ მიმართულებით.

"კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება, დააფიქსიროს თავისი არჩევანი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთვის. ჩვენს ქვეყანაში, გატარებული ცვლილებების შედეგად, თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი; სწორედ ეს კავშირია, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იქნება,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები