20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
არჩევნები, აფგან მუხთარლის საქმე, საკონსტიტუციო რეფორმა - მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა

ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე მიხეილ ჯანელიძემ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და იმ ექვს მიმართულებაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ხელისუფლებას გააჩნია, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის.

მიხეილ ჯანელიძემ, ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორების“ მომავალ სამიტზე და მოლოდინებზე ისაუბრა. მინისტრმა, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილა.

ევროპარლამენტარების კითხვები კი კონსტიტუციის ახალ პროექტს შეეხებოდა. ასევე, მინისტრს მომავალი ადგილობრივ არჩევნებზეც ჰკითხეს. ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წარმატებული გამოცდა ქართული დემოკრატიისთვის.

„21 ოქტომბერს ტარდება ადგილობრივი არჩევნები. საქართველოში უკვე იმყოფებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. მათი ყველა განცხადება მოწმობს, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალი და სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ჩვენი დემოკრატიის კიდევ ერთი წარმატება იქნება,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამ თემების პარალელურად დეპუტატებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზეც ჰქონდათ კითხვები.

„გამოძიება მიმდინარეობს ბატონი მუხთარლის შემთხვევასთან დაკავშირებით. გამოძიების დასრულებამდე საქართველოს მთავრობამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. მანამ სანამ გარკვეული შედეგი დადგება გამოძიების პასუხისმგებელი პირები სხვადასხვა მიმართულებაზე შესაბამისად, განთავისუფლებულები იქნენ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე მოლაპარაკებებს ბელგიელ კოლეგასთან გამართავს, რის შემდეგად, მისი ვიზიტი ბრიუსელში დასრულდება. 

დღის ამბები