20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ სპეციალურად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ თავიდან აცილებულ იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუციის ახალი პროექტის შემუშავების დაწყებისთანავე მისთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებას გეგმავდა. ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებიდან თავიდან ასაცილებლად კი, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვეტოს უფლება გამოიყენა.

„პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ, ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად, ვდგამდი ნაბიჯებს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მოსახლეობას მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. 

„ჩემი დღევანდელი ნაბიჯი მინდა განხილულ იქნას, როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლოა, პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო რამდენიმე დღის წინ დაძლია და კონსტიტუცია 117 მომხრე, 7 წინააღმდეგი ხმით დაამტკიცა.  

დღის ამბები