საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ბოლო შუალედურ ანგარიშს ოპოზიცია ეხმაურება. საუბარია შეფასებით დოკუმენტზე, სადაც არა ერთი სავარაუდო დარღვევის შემთხვევა მოხვდა, მათ შორის მუქარა-ზეწოლის ფაქტები.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული დარღვევები, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის დარღვევების იდენტურია.
კანდელაკი არსებული ვითარების ფონზე, არჩევნებზე აქტიურობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ძალიან ბევრი დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა ამ კონკრეტულ ანგარიშში და სხვა ანგარიშებშიც, გვაგონებს შევარდნაძის დროს. ზოგადად ბევრი მსგავსებაა „ქართულ ოცნებასა“ და შევარდნაძის ნომენკლატურულ მმართველობას, მაგრამ თუ იქნება ამომრჩევლის აქტივობა, ეს დარღვევები, ზეწოლები, პლაკატების და ბანერების დაზიანება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობის ფაქტები, რასაც არ იძიებს პოლიცია, ეს ყველაფერიც ვერ უშველის „ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც. ელისაშვილი ირწმუნება, რომ პირადად მის წინააღმდეგ კამპანიას „ქართული ოცნების“ შტაბი აწარმოებდა და ამაში მილიონობით ლარი დაიხარჯა.
„ყოველდღე იხსნებოდა ახალი საძაგელი გვერდი ჩემს წინააღმდეგ, იყო რამდენიმე შემთხვევა, ჩემი ოჯახის წინააღმდეგაც იყო, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის ფოტოებიც დადეს და წერდნენ დეზინფორმაციას, სისაძაგლეებს, მოგონილ ამბებს და რაც გულდასაწყვეტია ამაში უზარმაზარ ფულს ხარჯავდნენ. ჩვენ მივმართეთ აუდიტის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უარი გვითხრეს. ჩვენ ვითხოვდით ერთ რამეს, საიდან ფინანსდება ეს გვერდები, ვინ იხდის ამდენ ფულს სისაძაგლის გავრცელებაში და შს სამინისტრომ უარი გვითხრა. ეს ყველაფერი იყო მართული და ორკესტრირებული „ქართლი ოცნების“ მიერ,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.