18 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ბაღების სკანდალი, ყურანზე დაფიცება "ოცნების" მხარდაჭერის დასტურად -"სამართლიანი არჩევნების" კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბოლო შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევაში არაერთი სავარაუდო დარღვევის შემთხვევა მოხვდა, მათ შორის მუქარა-ზეწოლის ფაქტები, რის შედეგადაც ოპოზიციონერმა კანდიდატებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს თქვეს.

დოკუმენტში მოხვდა ბაღების სკანდალიც, როდესაც დირექტორები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენდნენ. ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება რადგან ეს შემთხვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კვლევაში ასევე მოხვდა დმანისში ყურანზე დაფიცების ფაქტი, სადაც ადგილობრივებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები სთხოვდნენ, რომ ყურანზე დაფიცებით დაედასტურებინათ არჩევნებზე მხარდაჭერა.  

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებობა ყველას თანაბრად არ ეძლევა და არც წინასაარჩევნო გარემოა მშვიდი.

„ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდი მაგალითად ზეწოლა-მუქარის ქვეშ მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდს თუ შევხედავთ, ბოლო პერიოდის ტენდენციებს თუ გამოვკვეთავთ ამ ბოლო ანგარიშში მოცემული ფაქტები საკმაოდ მრავალრიცხოვანია და თუნდაც 2014 წელს,  ან 2016 წელს ან 2013 წელს  მათშორის ბოლო ანგარიშებში დაფიქსირებული ფაქტების რაოდენობას აღემატება,“-განაცხადა  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

მისივე თქმით კვლავ ფიქსირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.  კვლევა, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა 26 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები