პოლიტიკური ბრძოლა წესების გარეშე - ასე აფასებს ასპინძის გამგებელი, ლევან ცაბაძე ასპინძაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამგეობაში თანამდებობები ერთდროულად შვიდმა მაღალჩინოსანმა დატოვა, თუმცა, მიზეზებზე ღიად არცერთი მათგანი არ საუბრობს.
ასპინძის მოქმედი გამგებელი ამბობს, რომ პოსტიდან წასვლა გამგეობის თანამშრომლებს სუს-მა აიძულა და მათზე ზეწოლა განხორციელდა. ლევან ცაბაძე აცხადებს, რომ თანამშრომლებზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა და არჩევნებში მონაწილება დამოუკიდებლად გადაწყვიტა.
„კურიერი“ პოლიტიკური ოპონენტის ბრალდების გადამოწმებას „ქართული ოცნების“ ადგილობრივ შტაბში შეეცადა, თუმცა, პარტიის წევრებმა კომენტარზე უარი განაცხადეს.
„კურიერთან“ წინასაარჩევნო ზეწოლების შესახებ გამგეობის მოქმედი თანამშრომლებიც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მოქმედი გამგებლისთვის ზიანის მიყენების მიზნით, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მხრიდან მუქარას და შანტაჟს სისტემატური ხასიათი აქვს.
სუს-ში უარყოფენ, რომ მათი წარმომადგენლები ასპინძაში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ წინასაარჩევნო პროცესებში ერევიან. ლევან ცაბაძე და მისი მხარდამჭერები კი ვარაუდობენ, რომ სუს-ი განსაკუთრებით აქტიური არჩევნების დღეს იქნება.