მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებში. მმართველი გუნდის ოპონენტები დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.
“ძალიან შემაშფოთებელი ინციდენტია, პირველ რიგში გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაზარალებულებს და იმედი მაქვს, რომ მათი ჯანმრთელობა სწრაფად გაუმჯობესდება. უნდა მოვთხოვოთ სამართალდამცავებს სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმისა რაც საჯაროდ არის ცნობილი. თუმცა ზოგადად ეს ტენდენცია უკვე წლებია მიდის როცა ქვეყანაში მატულობს ძალადობა, კრიმინალი და ეს არის სერიოზული პრობლემა“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა “ქართული ოცნების” შტაბთან გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის, “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.