"ნაციონალური მოძრაობა" მმართველ გუნდს ძალოვანი სტრუქტურების წინასაარჩევნო პროცესში ჩარევით არჩევნების მოგების მცდელობაში ადანაშაულებს. პარტიაში კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელეს. რეზო ხარაზის მტკიცებით "ქართული ოცნება" ყოფილი სუს-ის მოხელეების დახმარებით ცდილობს გავლენა იქონიოს ამომრჩევლების ნებაზე.
"ნაციონალური მოძრაობაში" დღესვე კონკრეტული მისამართები წარადგინეს, სადაც ამომრჩევლები ამ მისამართებზე რეალურად არ ცხოვრობენ. მსგავსი შემთხვევა 7000-მდე მოქალაქეს ეხება, რაც პარტიის მტკიცებით პირდაპირ კავშირშია არჩევნების გაყალბებასთან.
“ადამიანებმა, რომლებმაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო გასულ არჩევნებში მიიღეს საყვედურები, წელს კვლავ გვევლინებიან კომისიის თავმჯდომარეებად. საარჩევნო სიები ბათუმის მასშტაბით გაბერილია 7 ათასამდე, ეს რაც გვაქვს დათვლილი და გადამოწმებული. ეს სჭირდება "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბოს,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ.
ბრალდებებს, "ქართული ოცნებიდან" უპასუხა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა.
“ეს არის გამარგინალებული, გაბანკროტებული პარტიის ცრუ ბრალდებები. ბუნებრივია ეს არის არასერიოზულ და ამაზე ჩვენ არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ ხვალინდელ გამარჯვებაში, ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას და ეს მათ აგონიაში აგდებს,“ - აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.