"ცესკომ მთელი დღე ისე გაატარა, რომ დანაშაულებრივი გულგრილობით ხელი შეუწყო ტოტალური კონტროლის განხორციელებას, რასაც არ შეიძლება ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ინტერპრეტაცია მიეცეს,"- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.
ოპოზიციის წევრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.
"მთელი დღის განმავლობაში მოწმენი გავხდით ამომრჩეველზე ტოტალური ზეწოლის და უპრეცენდენტო კონტროლის ქვეშ არჩევნების ჩატარების. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები ახდენდნენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას, პირადი მონაცემების აღრიცხვას და პირად ინფორმაციებს იყენებდნენ, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინათ და საარჩევნო ნების გამოხატვაზე გავლენა მოეხდინათ,"- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ბოლნისის მე-17 უბანზე დიდი რაოდენობით ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი იქნა აღკვეთილი. ბეჟაშვილის თქმით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე ვაზისუბნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ჩალაბაშვილი სადამკვირვებლო ბეიჯით ატარებს შემოვლას საუბნო სარჩევნო კომისიებში და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ახდენს. მისი ინფორმაციით, ისნის მე-60 უბანზე ბიულეტენების დამალვის ფაქტი დაფიქსირდა.
ლევან ბეჟაშვილის ცნობით, საბურთალოს მე-3 საარჩევნო ოლქის 86-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკარგულია ბიულეტენები.