უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივი ბრძოლას დაწყებას გეგმავენ და შეეცდებიან, მეზობელ სახელმწიფოში შესვლისა და გადაადგილების უფლება ადვოკატების დახმარებით მოიპოვონ.
დავით მაკიშვილი, მიხეილ აბზიანიძე და გიორგი რუბაშვილი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თბილისში სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს.
“სპეცდანიშნულების თანამშრომლები გვექცეოდნენ ძალიან უხეშად. შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ, როგორც პირუტყვი, ისე დამაბეს, 6 ხელბორკილი მედო, ხელი შემიკრეს, მერე სავარძელთან დამაბეს, თვითმფრინავში და სკოჩით ფეხები გადამიბეს 2 ადგილზე. თვითმფრინავში დაბმული ვიყავი 4 საათი,“ - განაცხადა მიხეილ აბზიანიძემ.
დეპორტაციის მიღმა პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ რაზმის წევრები. ერთ-ერთმა მათგანმა პოლონეთის საზღვარი მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადალახა.
“არც დაკავების პროცესში, არც შემდგომ არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ, არანაირ დოკუმენტზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია. საერთოდ არ განგვიმარტეს, რატომ დაგვაკავეს. თვითმფრინავში რომ ჩაგვსვეს, მაშინ მივხდი, რომ საქართველოში მოვდიოდით. მე ვარ ბატონ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და ეს ყველანაირად უკავშირდება დღევანდელ მოვლენებს უკრაინაში. ფაქტი სახეზეა, რომ მის საახლობლო წრეზე ხორციელდება ზეწოლა,“ - აღნიშნა დავით მაკიშვილმა.
ადვოკატის განცხადებით ისინი აპირებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. ისინი ასევე უკრაინის საელჩოსგან მოითხოვენ შესაბამის ინფორმაციებს და განმარტებებს მომხდართან დაკავშირებით.