20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
მე კალაძის თანამშრომელი ვერ გავხდები - ზალიკო უდუმაშვილი

„პირველი ვიქნებოდი, ვინც კახა კალაძეს მიულოცავდა, მას რომ ეს გამარჯვება ღირსეულ ბრძოლაში მოეპოვებინა,“ - ამის შესახებ პოსტსკრიპტუმში ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა, განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის პოლიტიკურ ოპონენტებთან სათანამშრომლოდ, ზალიკო უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა. 

"რა პირობებშიც კახა კალაძემ 51% დაიწერა, ეს არის მხოლოდ განცხადება განცხადებისთვის, მე კახი კალაძის თანამშრომელი ვერ გავხდები," - აღნიშნა უდუმაშვილმა. 

მისი შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებმა ზეწოლის ფონზე ჩაიარა. ზალიკო უდუმაშვილის თქმით, არჩევნების გაყალბების ახალი მეთოდოლოგია იყო შემუშავებული.

„ყველა უბანზე ქართულ ოცნებას ე.წ. მაყურებელი ჰყავდა, რომელიც ადამიანის მონაცემებს იწერდა, სრულ ინფორმაციებს ფლობდნენ. ამომრჩევლის მორეკვა საარჩევნო უბნებზე - ძალით მოჰყავდათ და აიძულებდნენ, შემოეხაზათ 41. ჩვენს ამომრჩევლებს სახლებში ურეკავდნენ და აშინებდნენ, კორპუსთან იდგნენ და ეუბნებოდნენ, არ გაბედო არჩევებზე მისვლა. ამიტომაა, რომ ქართულმა ოცნებამ დაწერა ის შედეგი, რაც ცესკო-მ დაუწერა. ქართული ოცნების მთავარი მიზანი იყო, რომ არ გაემეორებინა ე.წ. ნარმანიას სინდრომი და არ დამჯდარიყო მეორე ტური,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

მერობის კანდიდატის თქმით, პოლიტიკური ვაჭრობის საგანი შესაძლოა, გამხდარიყო მასსა და ალეკო ელისაშვილს შორის არჩევნებზე მიღებული მცირე სხვაობა, თუმცა, მისი თქმით, ის მხოლოდ ღირსეულად დაასრულებს საარჩევნო პროცესებს.

მისივე განცხადებით, ის პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს.

ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ხვალ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება ნაციონალური მოძრაობიდან გასული მერობის კანდიდატები მეორე ტურებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები