ოპოზიცია ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების დაშინებაში ადანაშაულებს. ასევე ოპონენტები მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნების დღეს არა ერთი საჩივარი დაიწერა, თუმცა მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ პარტიებს პრეტენზიები არ აქვთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოსთვის მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიამაც და კანდიდატმაც აჩვენა ძალიან მაღალი რეზულტატი ამ ზეწოლების, დაშინების და ამ საოცარი წნეხის ფონზე. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენი წარმომადგენლები ახლაც მუშაობენ ადგილზე, საარჩევნო ოლქებშიც, იქ სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი გუნდი არის მობილიზებული საბრძოლველად,“ - აცხადებს „ენმ“-ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.
მეტი მხარდამჭერის მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. ლიდერების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა.
მიღებული შედეგით კმაყოფილები არიან „ქართულ ოცნებაში“ და მიუხედავად რამდენიმე ასეული საჩივრისა, შედეგების შეცვლას აღარ ელიან.
„ტექნიკური შინაარსის საჩივრები, რაოდენობრივად ბევრი არის ასეთი საჩივრები, თუმცა შინაარსობრივად როგორც წესი, ნაკლებად არის ხოლმე სერიოზულ დარღვევებზე საუბარი. ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც წესი, განსაკუთრებულად კარგ შეფასებას იმსახურებს ხოლმე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. დარღვევები მე მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში მე ინფორმაცია არ მაქვს რაიმე ისეთი საჩივარი თუ იყო, რომელსაც შეეძლო, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა შედეგებზე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.