თბილისის ახლად არჩეული მერი საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს უკვე აანონსებს. კონკრეტული პირების ვინაობა კახი კალაძეს არ დაუსახელებია, თუმცა, სახელდება კონკრეტული გვარებიც, მათ შორის არიან ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ყოფილი მოადგილეები.
ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე, რომელიც ამჟამად კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წევრია, სავარაუდოდ ვიცე მერის პოსტს დაიკავებს. თუმცა თავად ამბობს, რომ ჯერ კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია.
„კახის გუნდში ჰყავს საკმაოდ კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები. ყველანი მზად ვართ შევასრულოთ ის ფუნქცია, რომელიც გუნდს სჭირდება,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, მაია ბითაძის თქმით, მან ზუსტად არ იცის რა თანამდებობას დაიკავებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არის გარემოსდაცვითი სამართლის იურისტი, უმჯობესი იქნება, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გააგრძელოს.
სახელდება კიდევ ორი პირი, მათ შორის ლაშა კვანტალიანი და თემურ ბოლოთაშვილი. ორივე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წევრია.