„ვერ ეღირსებით, მე არ წავალ პოლიტიკიდან,“ - ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ნინო ბურჯანაძე ივანიშვილს არჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებს.
„მე ზუსტად ვიცოდი, რა დავალება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და რა არის მისი სურვილი, რომ მე გავქრე პოლიტიკური არენიდან ჩემს თანაგუნდელებთან და 100 ათასობით ადამიანთან ერთად, პოლიტიკური არენიდან, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. ვერ ეღირსებით, მე არ წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე არ მოვაშორებ თქვენი სახით პრობლემას და თავის ტკივილს საქართველოს, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, მას აქვს დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მის პარტიას ხმები მოპარეს.
„დღეს ჩვენ გვაქვს ხელთ დოკუმენტები, რომელიც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, საბოლოო ოქმებში შედეგები საარჩევნო უბნების გადათვლის გარეშე ჩაასწორეს.