20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
რა დარღვევები მოხვდება ეუთო-ს ანგარიშში? - საქართველოშო ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი "რუსთავი 2"-თან საუბრობს

ამომრჩევლის პირადი მონაცემების შეგროვება და საარჩევნო უბნებზე პარტიული აქტივისტების არნახული მობილიზაცია - საქართველოშო ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, კარენ იონკერის თქმით, ეუთო-ს ანგარიშში ორივე საკითხი მოხვდება.

კარენ იონკერი აცხადებს, რომ ეუთო-ს მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ხალხი ნახეს, რომლებიც პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებულები არიან.

მისი თქმით, დამკვირვებლებმა ასევე, დააფიქსირეს ადამიანები, რომლებიც კომისიის თავმჯდომარის საქმიანობაში ერეოდნენ.

„პრობლემა ჩნდება, მაშინ, როდესაც დამკვირვებელი ერთზე მეტია, რადგან ეს ეწინააღმდეგება კანონს და არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. როდესაც ეს ადამიანი იწყებს პროცესში ჩარევას, მაშინ შეგიძლია თქვა, ეს არ უნდა ხდებოდეს. შემდეგი საკითხია, რეალურად, რა სახის ინფორმაციას აგროვებდნენ და რას აკეთებდნენ? ცდილობდნენ თუ არა ამ ინფორმაციით პროცესში კვლავ ჩარევას,“ - განაცხადა კარენ იონკერმა.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია განისაზღვროს რამდენად მოახდინეს მსგავსმა ფაქტებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა.

კარენ იონკერი სამაგიდო სიებზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხრიდან წვდომაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიებიდან პირადი ნომრების სისტემატურად ჩაწერა და შემდეგ რაიმე მიზნით გამოყენება არასწორია.

„მეც დავუსვი შეკითხვა კომისიის თავმჯდომარეს შეიძლებოდა თუ არა ამომრჩეველთა სიის ნახვა. რადგან გვაინტერესებდა იყო თუ არა უფრო მეტი ან თანაბარი რაოდენობის ხელმოწერა სიებში. ვიცით, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმა ორჯერ მისცა. ჩვენ ასეთ შემთხვევებს ვაკვირდებით და ამიტომ ვთხოვე სია ეჩვენებინა. მაგრამ თუ სისტემატიურად ჩავიწერ პირად ნომრებს და შემდეგ რაღაცისთვის გამოვიყენებ ამ ინფორმაციას - ეს უკვე მეტისმეტი იქნება. ჩვენს რეკომენდაციებში ამაზე იქნება ყურადღება გამახვილებული,“ - აცხადებს კარენ იონკერი.

დღის ამბები