ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ე.წ. შავი ფულის არსებობას აუდიტის სამსახური არ გამორიცხავს. პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ე.წ. შავი ფულის ბრუნვაზე ეჭვები არსებობს და ფაქტების გამოსავლენად გამოკითხვაზე 14 პირი უკვე იმყოფებოდა, 31-ს კი ელოდებიან.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, დარწმუნებულია, რომ ქართულ პოლიტიკაში არადეკლარირებული თანხები ტრიალებს და ამ პრაქტიკას სახელისუფლებო პარტიაც იყენებს. ხუხაშვილი ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის უფრო მეტ ბრუნვას საპარლამენტო არჩევნების დროს ელოდება. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს რუსული ფული იქნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ე.წ. შავი ფულის გამოყენებას არ უარყოფს პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არადეკლარირებულ თანხებს ოპოზიცია იყენებს.
ე.წ. შავ ფულთან დაკავშირებით, ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს და ამტკიცებენ, რომ სწორედ ქართულ ოცნების ხელშეწყობით ხდება ზოგიერთ პარტიის მოსკოვიდან დაფინანსება.
აღნიშნულ საკითხს ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა. დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მის პარტიას ე.წ. შავი ფული წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არ მიუღია.