„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის პოლიტსაბჭომ 5-საათიანი დაძაბული სხდომის შემდეგ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის ლიდერებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. მათი ნაწილი მხარს უჭერდა ქუთაისსა და მარტვილში დანიშნულ მეორე ტურში მონაწილეობას.
რაც შეეხება თავად მეორე ტურში გასული კანდიდატების პოზიციას, ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, ზეწოლას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
„ამ უმსგავსობის გაპრავებას ჩვენ უკვე აღარ ვაპირებთ იმიტომ, რომ უპრეცედენტო ხასიათი ჰქონდა ქუთაისში ამომრჩევლის მოსყიდვას. პირდაპირ ქუჩებში. ამიტომ თუ ცირკის დირექტორმა ვიღაცის „კლოუნად“ დანიშვნა გადაწყვიტა, ამ კლოუნადის ჩატარება „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს,"-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
რაც შეეხება მარტვილის მერობის კანდიდატს მამუკა დანელიას, ის ამბობს, რომ მზად იყო მეორე ტურისთვის, თუმცა თავს იკავებს იმის გამო, რომ მის მხარდამჭერებზე არ განხორციელდეს ზეწოლა.
პოლიტსაბჭოს წევრები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" იმასაც კი ცდილობს, რომ როგორმე გადაწეროს შედეგები და პირველ ტურში გამოაცხადოს საკუთარი კანდიდატები გამარჯვებულად.