„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მიერ, დედაქალაქის მთავრობაში დაანონსებულ ცვლილებებს, ოპოზიცია ეხმაურება. „ევროპულ საქართველოში“ დარწმუნებული არიან, რომ დედაქალაქის ახლადარჩეული მერი ყველა საკადრო ცვლილებებს საკუთარ თავსა და მის გარემოცვაზე მოირგებს.
„კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე ნეპოტური, კლანური და კორუფციული ტიპაჟი „ქართულ ოცნებაში“, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მისი ცვლილებები იქნება დაკავშირებული, კერძოდ მასთან დაკავშირებული ადამიანების დაწინაურებასთან,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ კახა კალაძეს სთავაზობს, რეალური ცვლილებები მიზნით, მხარი დაუჭიროს მათ ინიციატივას და გაუქმდეს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების ოფისები.
„ნარმანიას ნათესავებს, ახლობლებს ჩაანაცვლებს დღეს უკვე კალაძის ახლობლები და ამ ყველაფერს შეფუთავენ არაკომპეტენტურობის ნიშნით. ბატონ კალაძეს თუ უნდა რეალურად, რომ ადმინისტრაციული რესურსი შეამციროს, არაკომპეტენტური ადამიანები არ იქნენ დასაქმებულნი თბილისის მერიის და საკრებულოს სტრუქტურებში, მე მას მოვუწოდებ, დაუჭიროს მხარი ჩვენს ინიცირებას, რომელიც დღემდე დევს საკრებულოს თაროზე შემოდებული, გაუქმდეს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
კახი კალაძემ მერიაში ცვლილებები უკვე დააანონსა. თუმცა, ვის გაუშვებს და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობებს, ჯერ უცნობია. დედაქალაქის მერის კაბინეტს კახი კალაძე ორ კვირაში დაიკავებს.