ამ წუთებში მცხეთის სასამართლოში თიანეთის მე-20 უბანზე მომხდარ ინცინდენტსა და ხმების გადათვლის საკითხზე სხდომა იწყება. სარჩელი ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა.
პარალელურად, სარჩელით მიმართავს სასამართლოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც", რომლიც იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გაუქმებული ბიულეტენები ხელახლა დათვალეს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორის, ირმა პავლიაშვილის თქმით, ოლქს ამ საჩივარზე არ უნდა ემსჯელა და სხდომა პროცედურების დარღვევით წარიმართა, რადგან, მისი თქმით, შეხვედრაზე ოლქის წევრები და პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი არ შეუშვეს.
„ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ ბათილად იქნეს ცნობილი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები, ვინაიდან, პროცედურების დარღვევით მოხდა მისი განხილვა,“ - განაცხადა პავლიაშვილმა.
ირმა პავლიაშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სარჩელს დაუსაბუთებლად მიიჩნევს. მისი თქმით, სარჩელში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბანზე გამგებლის ყოფნას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე „კურიერის“ კითხვას, რატომ მოხდა გაუქმებული ბიულეტინების ხელახლა გადათვლა, არ პასუხობს.
მეჭიაურის ბრალდებებს თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილი აბსურდულს უწოდებს.
თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ კი, ზაქარია ქუცნაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაუყალბა.
თამაზ მეჭიაური იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გაუქმებული ბიულეტენები ხელახლა დათვალეს.