ხმაური იყო ისნის 49-ე საუბნო საოლქო კომისიაში. აქ ახალი საქართველოს მერობის კანდიდატი და მისი მხარდამჭერები მივიდნენ. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი ვაშაძე, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მათ გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავთ და მეტი ხმა მიიღეს არჩევნებში, ვიდრე ეს შედეგებში აისახა.
„არანაირი არგუმენტი არა აქვს საოლქო საარჩევნო კომისიას, რატომ დაგვაკლეს ხმები. უფრო მეტიც, მათი კომისიის წევრებმაც კი არ მოუწერეს ხელი ამ უკანონობაზე, რომელიც ჩაიდინეს გუშინ ღამით. ჩვენ 5 საათზე მოვედით საოლქო სხდომაზე, მაგრამ შიშის გამო გადადეს 6 საათისთვის. ჩვენი წარმომადგენლები დაესწრებიან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, სადაც ამ ყველაფერს დააფიქსირებენ და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ საკრებულოში გვეკუთვნის ადგილი და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ადგილი მივიღოთ აუცილებლად თბილისის საკრებულოში,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.