20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
350 000 ლარი ერთი გადაცემის განათებისთვის - საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოცხადებულ ტენდერში ბერა ივანიშვილის კომპანიამ გაიმარჯვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი 350 ათას ლარს ყოფილი პრემიერმინისტრის შვილის, ბერა ივანიშვილის, კომპანიას მხოლოდ ერთი გადაცემის განათებისთვის გადაუხდის. ტენდერი გუშინ დასრულდა და გამარჯვებული კომპანია სილქ ფაქტორ სტუდიო გახდა.  

ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ტელეკომპანია იმედის დირექტორი, გიორგი კალანდარიშვილი, ხოლო დირექტორი - რეჟისორი გოგა ხაინდრავა. 

საზოგადოებრივი მაუწყებელს გადაცემისთვის, აქტუალური თემა პირველ არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად, 22 ერთეული განათების დაქირავება, ჯამში, 345 ათასი დაუჯდება.

მაშინ, როდესაც ტენდერი უკვე დასრულებულია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, გრიგოლ გოგელია, ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხარჯი მაუწყებლის ბიუჯეტში ჯერ ასახული არ არის.   

მედია ექსპერტების განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ განახლებას ისინი არ ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, კითხვებს მაღალი ბიუჯეტი, ტენდერის შედეგები და საბოლოო პროდუქტის ხარისხი აჩენს.

სამოქალაქო სექტორში კორუფციის რისკის მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობენ. ისინი მაგალითად მაუწყებლის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, არხის გადაცემასთან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია საჯარო აღარ იქნება.

დღის ამბები