„ის არის, ფაქტობრივად, რეალური მმართველი რაიონის და არამხოლოდ რაიონის,“ - ეს განცხადება თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის თიანეთის მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა, გადაცემა არჩევნებში გააკეთა.
მისი თქმით, რაიონში ყველა გადაწყვეტილებას, ლელა ქიტესაშვილის ნაცვლად, ზაქარია ქუცნაშვილი იღებდა.
მეჭიაური ხმების მოპარვასა და შედეგების გაყალბებაში მისივე ყოფილ თანაგუნდელს, ზაქარია ქუცნაშვილს, ადანაშაულებს.
თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ დღეს გამართულ სასამართლოზე დადასტურდა, რომ თიანეთის მე-20 უბანზე არ ყოფილა არცერთი ბიულეტინი, სადაც ქიტესაშვილი იყო შემოხაზული.
„დღეს სასამართლოზე კომისიის რამდენიმე წევრმა დაადასტურა, რომ იქ ლელა ქიტესაშვილის არანაირი ბიულეტინი არ ყოფილა და ისე დაილუქა ეს კონვერტი,“ - განაცხადა მეჭიაურმა.
თამაზ მეჭიაური არჩევნების დღეს იხსენებს და აცხადებს, რომ ხმების დათვლის დროს მის წარმომადგენელს უბანზე მისულს მობილიზებული სამართალდამცავები დახვდნენ და შემდეგ ამ წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ქუცნაშვილს თიანეთში პოლიტიკური და ბიზნესინტერესი აქვს, რის გამოც არ აწყობს მეჭიაურის მერად გახდომა.
„მე, ნამდვილად, დიდი პატივს ვცემდი და ახლაც პატივს ვცემ ბატონ ბიძინას და მისი თხოვნა გავითვალისწინე ორჯერ, თუმცა, ახლა ნამდვილად ვეღარ გავითვალისწინებ ზაქარიას სასარგებლოდ. მამაჩემიც რომ გაცოცხლდეს, მე ვეღარ დავთმობ ვერანაირ თანამდებობას,“ - აცხადებს მეჭიაური.
თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ივანიშვილმა მას დეპუტატობის კანდიდატობაზე უარის თქმა სთხოვა, რაზეც დასთანხმდა. თამაზ მეჭიაური "ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე "მოქალაქეთა კავშირს" ამსგავსებს.