ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით სავარაუდოდ განმარტებებს დღეს გააკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, კობა გვენეტაძე ამ საკითხზე დასმულ შეკითხვებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხებს.
ეროვნული ბანკისგან განმარტებები გუშინ მმართველი გუნდის წევრებმა მოითხოვეს.
ოპოზიცია კი ლარის მკვეთრ გაუფასურებას ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.
“ეროვნული ბანკი რა თქმა უნდა არის პასუხისმგებელი მთავრობასთან ერთად მონეტარულ პოლიტიკაზე, მაგრამ ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ ტენდენციას, მთავარი ის კი არ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვა თუ არ მოვა, ან მორიგ განცხადებას გააკეთებს თუ არ გააკეთებს, რომ ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი ან საგარეო ფაქტორების ბრალი გახდება ფინანსთა მინისტრის განცხადებით ეს ყველაფერი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ყველაფერი მიდის უკან,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 52 თეთრია - თითქმის ანალოგიურია ლარის ღირებულება გადამცვლელ ჯიხურებშიც.
„დამთავრდა არჩევნები და ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობას დაპირებული პროდუქტი შეუქმნან და უკეთესი ცხოვრება მისცენ, ჩვენ ვხედავთ, რომ იმას რასაც ხელოვნურად იჭერდა „ქართლი ოცნება“ ამასაც ვეღარ ვახერხებთ. სამწუხარო არის ის, რომ ეს მოსახლეობის ჯიბეზე აისახება,“-განაცხადა „ენმ“-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.