მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის საოლქო კომისიის ორი დადგენილება გააბათილა. მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით, თიანეთის მე-20 უბანზე განმეორებითი არჩევნები აღარ ჩატარდება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.
სასამართლომ გააბათილა გადაწყვეტილება, რომლითაც ბიულეტენების ხელახლა გადათვლა უნდა მომხდარიყო, ასევე გაბათილდა მეორე დადგენილება, რომლის მიხედვით, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შემდეგ, 5 ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში „დემოკრატიული ინიაციატივის“ საერთაშორისო ცენტრმა გაასაჩივრა, პროცესზე მესამე მხარედ კი თავად თამაზ მეჭიაური იყო წარმოდგენილი.
თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა, რის საფუძველზეც, თიანეთის საოლქო კომისიამ ცარიელი ბიულეტენები თავიდან გადათვალა.
თამაზ მეჭიაური მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, ის თიანეთელებისთვის კარგი მერი იქნება.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს კიდევ ერთი პროცესი უნდა გამართულიყო. თიანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სასამართლოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა, რომ თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაბათილებულიყო, თუმცა იურიდიულად ამ პროცესის ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ თუკი ცესკო სასამართლოს დადგენილებას გაასაჩივრებს, „საია“ თამაზ მეჭიაურის ინტერესებს მომდევნო ინსტანციებშიც დაიცავს.