20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
თიანეთის ოლქის შედეგებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას "დემოკრატიული ინიციატივა" სავარაუდოდ გაასაჩივრებს

თიანეთის ოლქის შედეგებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება "დემოკრატიული ინიციატივის" საერთაშორისო ცენტრს დღეს 12:00 საათამდე ჩაბარდება. ორგანიზაცია 4 მოთხოვნიდან 2-ის დაკმაყოფილების მიუხედავად, სამართლებრივ ბრძოლას სავარაუდოდ, გააგრძელებს და თიანეთის ოლქში შედეგების სრულად გაუქმებას მოითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდება.

„ჩავიბარებ გადაწყვეტილებას და ამის შემდგომ ჩემს გუნდთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას გასაჩივრებასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს „დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენელი მერი კაპანაძე.

მოსარჩელის ინიციატივას არ ემხრობა მესამე მხარედ ჩართული თამაზ მეჭიაური. მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, მერობის კანდიდატი პროცესში მოპასუხის სახით ჩაერთვება.

„ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო დანარჩენი ის ორი მოთხოვნა. აპელაცია ეს არის ბოლო დონე, რა შემთხვევაშიც საარჩევნო დავები განიხილება და რა თქმა უნდა, ბოლომდე გავყვებით, რადგან მნიშვნელოვანია, დაცული იყოს კანონი და სამართლიანობა,“ - განაცხადა „საია“-ს წარმომადგენელმა ირმა პავლიაშვილმა.

მცხეთის სასამართლომ გუშინ თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ის დადგენილებები გააუქმა, რომლითაც ხმები გადაითვალეს და თამაზ მეჭიაურის ნაცვლად, გამარჯვებულად "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გამოაცხადეს.

დღის ამბები