სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ შუამდგომლობა, პროცესზე ბიძინა ივანიშვილი მისულიყო, არ დააკმაყოფილა. შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. "ლეიბორისტების" ლიდერი ყოფილ პრემიერმინისტრსა და ხელისუფლებას არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს.
„ჩვენ გვაქვს მურუსიძის სასამართლო, ივანიშვილის პრივატიზებული სასამართლო. ამიტომ ვტოვებ სასამართლო დარბაზს და ვიტოვებ იმედს, რომ პატიოსანი მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მაინც გამოიტანს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პარტიამ საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საუბარია შემთხვევებზე, როდესაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად, ხმას უკანონოდ სხვა პირები აძლევდნენ.
„ლეიბორისტული პარტია“ სასამართლოსგან ისნის საარჩევნო ოლქის 38-ე უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. ამ უბანზე უცხოეთში წასული საქართველოს მოქალაქის ნაცვლად ხმა მისმა ნათესავმა მისცა.
პარტიაში ამბობენ, რომ 21 ოქტომბერს თვითმმარველობის არჩევნებზე მსგავს პრაქტიკას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და აცხადებენ, რომ შედეგად არჩევნები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაყალბდა.