„სრულიად აბსურდული, საშინელი მეთოდებით პოლიცია ცდილობს დაფაროს საკუთარი დანაშაული,“ - ასე აფასებს „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ნუცუბიძეზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს. ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო ეკიპაჟი ხელბორკილებს ადებდა.
მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ირიბად გაკეთდა მინიშნებები გარდაცვლილის ნარკო და ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ. უწყების ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
„არ იკმარეს ის, რომ ადამიანი ჩააკვდათ ხელში და ახლა კიდევ უფრო მეტი საშინელება დაამატეს. გაურკვეველ კადრებს ავრცელებენ, რა სტატუსით ჩაწერეს, ვინ ჩაწერა ის მოქალაქეები, მეზობლები, რომლებიც აკეთებენ მინიშნებას, რომ გარდაცვლილი სვამდა, იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. კიდევ ერთხელ ხდება სტიგმატიზაცია დამოკიდებული ადამიანების,“ - აცხადებს თამარ კორძაია
„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძეც ხელისუფლებას სტიგმატიზაციის გამო აკრიტიკებს.
„მინიშნება იყო მის ნარკომანობაზე. იგულისხმებოდა, რომ ასეთი ადამიანები არიან ამორალურები, თვითონ არიან დამნაშავეები და მათი სიკვდილი ნაკლებად სამწუხაროა. სწორედ ეს არის ანტიჰუმანური და ადამიანის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგია, რომელზეც დგას სისტემა, რომელიც კლავს. დღეს სისტემა ისევ კლავს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გუშინ საღამოს მოხდა. პაატა პავლიაშვილი მეგობრის დაკავებას ეწინააღმდეგებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.