20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
მესამე სექტორი პროკურატურას ნუცუბიძეზე მომხდარი ინცინდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

„ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ იმოქმედო საზოგადოებრივ აზრზე, თითქოს, უმნიშვნელო ფაქტი მოხდა,“ - ასე აფასებს ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცადებას და ვიდეო კადრებს,  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი. 

ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო ეკიპაჟი ხელბორკილებს ადებდა.

ანა ნაცვლიშვილი გავრცელებულ ვიდეო კადრებს არარელევანტურად მიიჩნევს და მომხდარის გამოძიებას ითხოვს. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიების შემდეგ თუ გამოიკვეთება პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული ვიდეო კადრების გავრცელების გასაჯაროების ერთ-ერთ მიზეზად პოლიციის მხრიდან მომხდარზე გარკვეული ვერსიის შექმნას ხედავს.

„ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ პროკურატურამ, რომელიც გამოძიებას აწარმოებს და არა შსს-მ, გაასაჯაროოს მტკიცებულებების ის ნაწილი, რომელიც სრულფასოვნად აღწერს იმ ვიდეო კადრებს, სადაც დაფიქსირებულია პოლიციელის და გარდაცვლილი პიროვნების ურთიერთობას,“ - აცხადებს სოფო ვერძეული.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი შს მინისტრს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებები არის „პირდაპირი დარტყმა ნებისმიერ ადამიანზე, ვინც ხმას ამოიღებდა პოლიციურ ძალადობაზე“.

„მინიმუმ ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და საჭიროა ამ პოლიციელის მკაცრად დასჯა, რომ სხვა პოლიციელებმა მინისტრის ორაზროვანი განცხადებების შემდეგ არ ჩათვალონ, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან და ყველაფრის უფლება აქვთ,“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ირიბად გაკეთდა მინიშნებები გარდაცვლილის ნარკო და ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ. უწყების ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

დღის ამბები