მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მსგავსად, „დემოკრატიული მოძრაობის“ საჩივარი რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამაც არ განიხილა. პარტია 84 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა კომისია ხმების მიტაცებაში დაადანაშაულეს.
„მოიპარეს ჩვენი ხმები, ესენიც თანამონაწილეები არიან, ბიძინა ივანიშვილის მონები არიან,“ - განაცხადეს პარტიის წევრებმა.
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა, რომელიც არჩევნებზე ბლოკ „დემოკრატიულ მოძრაობას“ წარმოადგენდა, აცხადებს, რომ დაზუსტებულად იცის კონკრეტულ უბნებზე ამომრჩევლისგან, მათი პარტიისთვის მხარდაჭერის შესახებ, თუმცა ხმების რაოდენობა ასეთ უბნებზე დაფიქსირებულია ნული.
რუსთავის მე-20 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ საჩივრები არასწორად იყო წარდგენილი, რაც გახდა მიზეზი, რომ კომისიამ ისინი არ განიხილა. გაგა აფციაური „დემოკრატიულ მოძრაობას“ ურჩევს, სასამართლოს მიმართოს.
„არის შემდეგი ინსტანცია - სასამართლო, სადაც შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და ვიდაოთ სამართლებრივად,“ - განაცხადა რუსთავის მე-20 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა.
როგორც საარჩევნო ბლოკში აცხადებენ, სხდომები ასევე ჩატარდა ქალაქ ახალქალაქსა და სამგორის რაიონის ოლქებში, თუმცა მათ ამის შესახებაც რა შეატყობინეს და იქაც მათი საჩივრები არ განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა „დემოკრატიული მოძრაობის“ საჩივარი მე-13 უბნის ბიულეტენების გადათვლის შესახებ, რასაც სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოყვა, საჭირო გახდა პატრულის გამოძახებაც. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბიულეტენები დაილუქა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი