თიანეთში მერობის გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა კვლავაც სადავოა. არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრმა" პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, ოლქში უპირატესობა თამაზ მეჭიაურმა მოიპოვა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის გამარჯვება სასამართლო დარბაზში კითხვის ნიშნის ქვეშ სწორედ "დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრმა" დააყენა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი მიზანი არ არის რომელიმე კანდიდატის წარმატება.
"დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის ხელმძღვანელი, მერი კაპანაძე აცხადებს, რომ თიანეთის მე-20 უბანზე არჩევნების შედეგები საერთოდ უნდა გაუქმდეს და იქ კენჭისყრა განმეორებით უნდა გაიმართოს.
„სასამართლომ იმსჯელა ბათილი ბიულეტენების გადათვლის კანონიერებაზე და უშუალოდ, ფაქტზე, ხუთ ბათილ ბიულეტენზე არ იმსჯელა. ხუთი ბათილი ბიულეტენის ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებს არც საოლქო საარჩევნო კომისია და არც სასამართლო. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ორი სხვადასხვა შედეგი და გაურკვეველი და ბუნდოვანია, თუ რომელი შედეგი უნდა მივიღოთ ჩვენ სარწმუნოდ,“ - განაცხადა მერი კაპანაძემ.
მმართველი გუნდის კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილი ხმების დაცვას გეგმავს. ხოლო თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მომჩივანი არასამთავრობო ორგანიზაცია ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით მოქმედებს.