ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. მმართველი გუნდი განმარტებებს ეროვნული ბანკისგან ითხოვს, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი დავით ჭიჭინაძე ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს.
მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, როდესაც ქვეყნის მთავარი ბანკირი ვალუტის გაუფასურებაზე კომენტარს არ აკეთებს, ეს მოსახლეობის პანიკას იწვევს.
ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური გეგმა სწორია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება არასწორ მუშაობას არ უკავშირდება.
"როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დებენ სხვადასხვა დასკვნებს, სადაც არ არის აღწერილი, რომ ვთქვათ ჩვენი მთავრობა აკეთებს რაიმე არასწორ ნაბიჯებს, იზრდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი, შესაბამისად მოდის კრედიტები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მთავრობა თუ რამეს არასწორად აკეთებს, მაშინ კრედიტებიც არ მოვა, მაგრამ რადგან მოდის კრედიტები ე.ი. მთავრობა მუშაობს სწორად. აბა როგორ შეიძლება ეროვნული ბანკის, ქვეყნის პირველი ბანკირი იძახდეს, რომ მე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს უკვე ისეთი კომენტარია, რომელიც მოსახლეობაში პანიკას იწვევს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.