"ნაციონალური მოძრაობა" არჩვენების დღეს მომხდარ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს. საუბარია ცაგერის საარჩევნო ოლქის 21-ე საარჩევნო უბნის მონაცემებზე, სადაც ოფიციალურად დარეგისტრირებულია 33 ამომრჩეველი და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 31-მა.
თუმცა პარალელურად, პარტიის ლიდერების მტკიცებით, 10 ადამიანს კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ.
პარტიაში ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ფიქსირდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არჩევნების დღეს, ამომრჩევლების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მისულა, თუმცა მათი პირადი ნომერი სამაგიდო სიებში დაფიქსირებულია და მათი სახელით შემოხაზულია საარჩევნო ბიულეტენებიც.
„ოქმი გვეუბნება, რომ 33 ადამიანი არის სიაში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა, მაგრამ ჩვენ გვაქვს 10 ადამიანის სახელი, გვარი და ტელეფონი, სადაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ ადამიანების უმრავლესობა ან საერთოდ არ იმყოფება ქვეყანაში და მათთან არც გადასატანი ყუთი არ მიუტანიათ,“ - აცხადებს ხაბეიშვილი.
ოპოზიცია განმარტებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან ელოდება. ცესკოს წევრი დავით კირთაძე ამბობს, რომ სამაგიდო სიების დაფარვით, ცესკო პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
„კურიერმა“ „ენმ“-ის წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და იმ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც სატელეფონო საუბრისას განაცხადეს, რომ მათ გარკვეული მიზეზების გამო, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.