20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ამომრჩეველთა სამაგიდო სიების გაცემა - ცესკო „ენმ“-ს პასუხობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც ამომრჩეველთა სამაგიდო სიების გაცემას ეხება. ცესკო „ენმ“-ის მოთხოვნას კანონთან შეუსაბამოს უწოდებს. უწყებაში განმარტავენ, რომ სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების დღეს, დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით, სამაგიდო სიები დალუქულია და მასში არსებული ინფორმაციის დამუშავება და გაცემა წარმოადგენს კომისიისთვის განსაზღვრულ უფლებას. ცესკოში ამბობენ, რომ „ენმ“-ის მოთხოვნა აცდენილია კანონის მოთხოვნას და ემსახურება პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგს.

რაც შეეხება ცაგერის 21-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით „ენმ“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხმა მისცეს იმ ადამიანებმა, რომლებიც საერთოდ არ ყოფილან არჩევნებზე, ცესკოში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და კომისიის 13 წევრიდან არცერთს არ დაუწერია საჩივარი.

ცესკოში მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.

"ნაციონალური მოძრაობა", არჩვენების დღეს მომხდარ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არჩევნების დღეს, ამომრჩევლების დიდი ნაწილი, არჩევნებზე არ მისულა, თუმცა მათი პირადი ნომერი სამაგიდო სიებში დაფიქსირებულია და მათი სახელით შემოხაზულია საარჩევნო ბიულეტენებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები