20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან სამაგიდო სიების გასაჯაროებას ითხოვენ

ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან სამაგიდო სიების გასაჯაროებას ითხოვენ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცესკოში ამბობენ, რომ რამდენიმე ოლქის მონაცემები და აქტივობა სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

„ზოგადად ასეთ მაღალი აქტივობა ბადებს ეჭვს, როდესაც უბანზე რეგისტრირებულია 33 ამომრჩეველი და ამ 33 ამომრჩევლიდან 31 იღებს მონაწილეობას, თან როდესაც არსებობს ეჭვი იმისა, რომ ამ 31 ადამიანისგან რამდენიმეს არ ჰქონდა ფიზიკურად შესაძლებლობა არჩევნებზე მისულიყო და მიეცა ხმა, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს ეჭვები იქნას გაბათილებული,“ - აცხადებს დავით გურგენიძე.

სამაგიდო სიების პირადი მონაცემების გარეშე პოლიტიკური ჯგუფებისთვის გასაჯაროებაში პრობლემას ვერ ხედავს ცესკოს წევრი ირაკლი ჭყოიძე.

„მე ვეთანხმები, ამაში არ უნდა იყოს არაფერი საიდუმლო. რა თქმა უნდა, გასაჯაროება იმ ვერსიის, რომელშიც არ არის მითითებული პირადი მონაცემები, რის დაფარვასაც გვავალდებულებს კანონი. სხვა დანარჩენი მონაცემებით რა თქმა უნდა, ვეთანხმები,“ - განაცხადა ჭყოიძემ.

ცესკოს წევრი დავით კირთაძე ამბობს, რომ სამაგიდო სიების დაფარვით, ცესკო პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, არჩევნების დღეს დაუშვა და უფლება მისცა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ინფორმაცია მოეპოვებინა. ამიტომ, ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს თანაბარ პირობებში და ყველას ჰქონდეს ამ ინფორმაციასთან წვდომის უფლება,“ - ამბობს დავით კირთაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები