მიხეილ სააკაშვილმა კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში ლექცია წაიკითხა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინული ოპოზიციის ლიდერი რამდენიმე საათის განმავლობაში სტუდენტებს ქვეყნის განვითარების შესახებ საკუთარ ხედვას აცნობდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ლექციის ორგანიზებისას მას გარკვეულ სირთულეები შეექმნა, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები მას ხელოვნურ პრობლემებს უქმნიდნენ.
“წარმოუდგენელი მიღება იყო. 4-ჯერ მეტი ხალხი იყო აუდიტორიაში ვიდრე ეტეოდა, იმიტომ, რომ ხალხს მოენატრა ცვლილებები და სტუდენტები არიან ამის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ვერ დამიკეტეს გზა იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ჩემი შეშვება ამათთვის არის სიკვდილის მსგავსი მაგრამ რა ქნას? რა უნდა ექნა? მაშინ აუჯანყდებოდა სტუდენტების უმრავლესობა. კარგად მიმიღეს ლექტორებმაც და რექტორებმაც, მე ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ვარ და ბოლო 30 წელია ყვებიან, რომ მათი საუკეთესო კურსდამთავრებული ვიყავი, მაშინ როცა არავინ არ ვიყავი, უკვე ყველას უყვებოდნენ და ახლა, რომ ეთქვათ გადავიფიქრეთო, ვერ იტყოდნენ და ამიტომ მიმიღეს. დღეს იყო სრული ტრიუმფი და ასე იქნება მთელ უკრაინაში,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
თავად სტუდენტების თქმით, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ლექცია მათთვის მაინც საინტერესო იყო.
“ეს იყო ლექცია უკრაინის მომავლის ესახებ. სააკაშვილი ყვებოდა როგორ ვითარდებოდა მოვლენები და სხვა ქვეყნების მაგალითებზე გვიხსნიდა როგორ შეიძლება ამ სისტემის შეცვლა. თქვა, რომ დროა ახალგაზრდების და საქართველოს მაგალითი მოიყვანა, სადაც რეფორმების გატარება ახალგაზრდა კადრების შემოყვანით დაიწყო. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას მასთან მიმართებაში, ვფიქრობ ზოგჯერ მის განცხადებებს უფრო მყარი არგუმენტების მოყვანა და დასაბუთება სჭირდება. მის მიერ მოყვანილი ფაქტები ძალიან ზოგადია, შეუძლებელია მათი უარყოფა ან დადასტურება. მაგრამ დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიღწევა - ემოციებია, მან გაგვიძლიერა რწმენა რომ საჭიროა მოქმედება. მან პირდაპირ გვითხრა რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რადგან ვუახლოვდებით მესამე სამყაროს ქვეყნის დონეს და ეს რომ არ მოხდეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, მოვახდინოთ მთავრობის რეორგანიზება,"- განაცხადა სტუდენტმა არტიმ ზიაბკინმა.