ლარის გაუფასურება ფასებს უკვე დაეტყო. დოლარის გაძვირების გამო, ღირებულება უფრო მეტად იმპორტირებულ პროდუქტზე აისახა.
ფასების კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ, როგორც მყიდველები, ისე გამყიდველებიც. ლარის კურსის დასტაბილურებას კიდევ ორი თვის განმავლობაში გამორიცხავენ და წინასაახალწლოდ პროდუქტებზე კიდევ უფრო გაძვირებას ელოდებიან.
მოსახლეობის ნაწილი ლარის გაუფასურებას არჩევნებს უკავშირებს. ფიქრობენ, რომ კურსის ცვლილება არჩევნებისთვის დახარჯულმა თანხამ გამოიწვია.
ნაწილი კი, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ არჩევნებამდე ეროვნული ვალუტის დევალვაცია ხელოვნურად შეაჩერა, არჩევნების მოგების შემდეგ კი ლარმა გაუფასურება თავისით დაიწყო.
მოსახლეობის ნაწილი ვარაუდობს, რომ ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის საფასურიც, იმპორტულის მსგავსად, გაიზრდება. სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში კი იზრდება დოლარისა და ევროს ღირებულებაც.