კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ახალი ცვლილებების ინიცირებას უარყოფითად აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში. პოლიტიკოსების განცხადებით, ვითარება ვერც შესწორებების განხორციელებით შეიცვლება, რადგან მთავარ ხარვეზად ოპოზიციაში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას მიიჩნევენ.
„გუშინ მიღებული კონსტიტუციის დღეს უკვე შეცვლა უწევთ. თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ეს კონსტიტუცია, რომელიც მიიღო ოცნებამ, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არ ვარგა. ეს ერთ მიზანს ემსახურება მხოლოდ, მოახდინოს ხელისუფლების რაც შეიძლება მაქსიმალურად შენარჩუნება,“ - აცხადებს „ედპ“-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
„ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივაზე სამსჯელოდ პარტიები პირველ შეხვედრას უკვე ხვალ გამართავენ. საკითხს პოლიტიკოსები ლიდერთა საბჭოს ფორმატში განიხილავენ.
„იძულებული არიან, დოკუმენტი, რომელსაც უნდა გაეძლო წლები, ვერ გაუძლო ერთი თვეც და ხდება ცალკე ცვლილებების მიღება,“ - აცხადებს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.