20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ოპოზიცია შს მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხს სავარაუდოდ, დღეს ბიუროზე დააყენებს

საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. საკითხს ოპოზიციის წარმომადგენლები სავარაუდოდ, დღეს ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დააყენებენ. საქმე ეხება ნუცუბიძის ფერდობზე პატრულის მიერ დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს.

ნუცუბიძის ფერდობზე მომხდართან დაკავშირებით დეპუტატები უწყების ხელმძღვანელისგან განმარტებებს ითხოვენ.

„ხელისუფლებამ გაავრცელა მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ არსებობდა ჩანაწერები. როგორც აღმოჩნდა, მათი განცხადება იყო ტყუილი. ჩვენ პროკურატურისგან მოვისმინეთ საპირისპირო განცხადება, რაც პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ კანონდარღვევაა. ძალოვანმა მინისტრმა პირველ რიგში პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც აქვს საზოგადოებას,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ეჭვებს პაატა პავლიაშვილის სიკვდილის შემდეგ შსს-სა და პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებებიც იწვევს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამხრე კამერების ჩანაწერები არ არსებობს.

„ვფიქრობთ, რომ სწორია სურვილი ის, რომ პარლამენტში იყოს გარკვეული ინფორმაცია მოსმენილი ხელმძღვანელი პირების მხრიდან,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გიგი წერეთელი.

მმართველ გუნდში კი, გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას საჭიროდ არ თვლიან და ოპოზიცის მოთხოვნას არაადეკვატურად მიიჩნევენ.

„იმედი გვქონდა, რომ ასეთი ჩანაწერები იარსებებდა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი თვითმხილველია და მე ვფიქრობ, რომ ჩანაწერებზე უფრო მეტად მეტყველი იქნება თვითმხილველების ჩვენებები. მორიგი მცდელობაა პოლიტიკური ცირკის მოწყობის, მე არ მგონია, რომ საჭირო და დროულია დაბარება,“ - ამბობს პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები