საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მმართველი გუნდი ოთხი პუნქტის ჩასწორებას გეგმავს. მათ შორის, უმრავლესობა გააუქმებს ე.წ. ბონუსების სისტემას, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად დაუშვებს საარჩევნო ბლოკების ფორმირებას.
აღნიშნულ ცვლილებებს მმართველი გუნდი მთავარი კანონის მიღებამდეც აანონსებდა.
კიდევ 2 ცვლილება კი, ტექნიკური ხასიათის იქნება, კერძოდ, ჩასწორდება რწმენის თვისუფლების შესახებ მუხლი და დაზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი.
„ბლოკების დაშვება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მაგრამ კომპრომისის გამო მზად ვარ, რომ მხარი დავუჭირო ამას და მეც მოვახდინე ინიცირება ამ კანონპროექტის. ამ პროცესში და ეს იყო როგორც ოპოზიციის, ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება და ეს იქნა გაზიარებული უმრავლესობის მიერ,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ოპოზიციას პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია აქცია სათამაშოდ, რომელიც დაშალა და ვეღარ ააწყო.
„საკონსტიტუციო პროცესი ერთი დასრულდა და იმავე წამს იწყება ახალი პროცესი ახალი ცვლილებებისა, რომელიც ასევე არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას,“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მიღებიდან ორი კვირის შემდეგ კონსტიტუციაში კვლავ ცვლილებების შეტანას უპრეცედენტოს უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
„მთავარი იარაღი ხალხის წინააღმდეგ უმრავლესობამ დაიტოვა, ეს არის მაჟორიტარული სისტემის არ გაუქმება და ვითომდა ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინება, ეს არის ტყუილი,“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.