„საკონსტიტუციო ცვლილებები დაემსგავსა ინდურ სერიალებს, უკვე გრძელდება ერთი წელიწადია და ახლა აპირებენ, მეორე სეზონის დაწყებას და ესეც გაგრძელდება ამ სასესიო პერიოდში,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კონსტიტუციაში შესატან ახალ ცვლილებებს. მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარ კანონში 4 პუნქტს შეცვლის.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება „უგუნურია“. სპეციალურად ამ ცვლილებებისთვის უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო საორგანიზაციო კომისიაც, რასთან დაკავშირებითაც, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ეს არის აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილება, ანუ მიღებულ კონსტიტუციას უკვე ცვლიან იმის გამო, რომ ის არ ვარგოდა და ფაქტობრივად, ითვალისწინებენ მხოლოდ ნაწილს ვენეციის კომისიის შენიშვნებისა. ვენეციის კომისიას ჰქონდა უამრავი შენიშვნა... ჩვენ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, ფარსი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
უმრავლესობა გეგმავს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ახალი ცვლილებებით გააუქმოს ე.წ. ბონუსების სისტემა, 2020 წლისთვის დაუშვას საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა საპარლამენტო არჩვენებში. ასევე, დაზუსტდება რწმენის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევის წესი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ პროცესში ყველა მხარე ჩართული იქნება. საკონსტიტუციო ცვლილები პარლამენტში ხვალამდე დარეგისტრირდება.