საკონსტიტუციო ცვლილები პარლამენტში ხვალამდე დარეგისტრირდება. მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარ კანონში 4 პუნქტს შეცვლის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სპეციალურად ამ ცვლილებებისთვის უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო საორგანიზაციო კომისიაც.
მათ შორის, ცვლილებების შედეგად კომისია გააუქმებს ე.წ. ბონუსების სისტემას, 2020 წლისთვის დაუშვებს საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას საპარლამენტო არჩვენებში.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებული კონსულტაციები დასრულებულია.
„საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან. საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე, ამოღებაზე კონსტიტუციიდან, საუბარია ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე, ასევე, ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი და ასევე, ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისთვის, შეიქმნება სპეციალური კომისია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა, პრეზიდენტის და მესამე სექტორის ჩართვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში ყველა მხარე ჩართული იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ 2020 წლისთვის ბლოკების დატოვების მიზანი იყო ის, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე არ დამდგარიყო.
„თუ ჩვენ შერეულ სისტემას ვტოვებთ ამ 2020 წლისთვის, ეს იმ იმედით, რომ 2024 წელს ჩვენ მაინც, ახალი თაობის პარტიები შეძლებენ, კონსენსუსის მიღწევას ქვეყნის მართვაში კოალიციური პასუხისმგებლობის აღების საკითხებზე,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.