„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი უკრაინიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო ექსტრადირების თემას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პროკურატურა მისი ექსტრადირებისთვის საბუთებს ამზადებს.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ არა ერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ექსტრადირებას არ აპირებს, რადგან, უკრაინული მხარე თვლის, რომ საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკური დევნა ხორციელდება. ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ამ განცხადებების შემდეგ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში წავიდა.
„უკრაინელი და რუსი ოლიგარქები გარიგდნენ ერთმანეთში სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით. სამართლებრივად ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სინამდვილეში, უკრაინის ხელისუფლება ამას იყენებს სააკაშვილზე ზეწოლისთვის და საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობისთვის, ვინაიდან ეს არის მრავალთვიანი და შეიძება, წლიანი პროცესიც კი,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.