20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ეს არაკომპეტენტური პიროვნება ერთმანეთში ურევს საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს - ქუცნაშვილი მეჭიაურს პასუხობს 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც თიანეთის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ქუცნაშვილი გეგმავს და აგროვებს თიანეთის საკრებულოს დეპუტატთა ხმებს, რათა მერის იმპიჩმენტი მოახდინოს.

ქუცნაშვილი მეჭიაურის განცხადებას არაკომპეტენტურობის გამოვლინებად აფასებს და ამბობს, რომ თამაზ მეჭიაური ადგილობრივ არჩევნებს საპარლამენტოსგან ვერ ანსხვავებს.

„ეს არაკომპეტენტური პიროვნება ერთმანეთში ურევს საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს, როგორ შეიძლება ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთში შეურიო. ზაქარია ქუცნაშვილს რომ ეყარა იქ კენჭი, ერთი სადაო ხმით არ იქნებოდა განსხვავება. აქედან გამომდინარე, როდესაც კაცი საპარლამენტო არჩევნებს და ადგილობრივს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებ, რაზე უნდა ვისაუბროთ,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი ასევე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა, საუბარია 6 ბიულეტინის მოპარვის უტყუარ მტკიცებულებაზე, რის გამოც დეპუტატის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციას მსჯელობა მოუწევს.

„იმას, რაც დღეს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა გამოავლინა, ეს არის ძალიან უხეში დარღვევა. მან მოიპოვა 6 ბიულეტინის მოპარვის უტყუარი დოკუმენტაცია. კანდიდატს ხელში უჭირავს უტყუარი მტკიცებულებები და საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს ამაზე მსჯელობა, ხოლო საზოგადოებას მეჭიაური ართობს ჩემი ლანძღვა-გინებით და ამით თავისთავის აქტუალიზაციას ახდენს. თორემ, სადმე მოგისმენიათ მისი პროგრამა? რას გაუკეთებს თიანეთს ან რა გაუკეთებია 15 წლის განმავლობაში, როდესაც იყო მათი მაჟორიტარი დეპუტატი ან პრეფექტი ან ცეკავშირის ხელმძღვანელი, რა გაუკეთებია?" - განაცხადა ქუცნაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები