ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე კომენტარი მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ გააკეთა. მისი თქმით, საქმეს პროკურატურა იძიებს. გიორგი გოგაძემ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებულ ვიდეომასალებში არ არის კადრები, თუ როგორ ხდება პავლიაშვილის დაკავება, ან მისი შეუძლოდ გახდომა.
კითხვაზე, იკვეთება თუ არა გარკვეული მანიპულაციები, მთავარი პროკურორის მოადგილემ განაცხადა, რომ ამას ექსპერტიზა დაადგენს.
"ჩვენ ამოვიღეთ ვიდეოჩანაწერები, ამოვიღეთ ის ელექტრონული მოწყობილობები, რომელზეც ეს ვიდეოჩანაწერებია დაფიქსირებული. დათვალიერების შედეგად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ვიდეოებზე არის ასახული მხოლოდ ცუდად გახდომის შემდგომი პერიოდი და დაკავების პროცესი არ არის ვიდეოებზე ასახული. შეგიძლიათ დაელოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და დაადგენს, თუ რაიმე მანიპულაციები არის მომხდარი,“- განაცხადა გიორგი გოგაძემ.